Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘hades’

ამასობაში საღამომ მოაწია. ნიმფებმა საგულდაგულოდ დამბანეს, ნიკაპზე ჩამოზრდილი წვერი შემისწორეს და სანამ მასაჟს დაამთავრებდნენ ჩრდილოეთ  ფლიგელში მსახური ვაფრინე. ნორჩ ვალკირიას ბიბლიოთეკაში ვიწვევდი პრივატულ თათბირზე ვახშამთან ერთად.

ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე თვალში მეცა ვალკირიას დიდი რუდუნებით დახვეული წაბლისფერი დალალები, მკერდზე აფარებული ლითონის მოოქროვილი თხელი ფირფიტა და მოოქროვილივე მუხლამდე გამაშები.

სიკვდილის ღმერთი რომ არ ვიყო ამ სილამაზის დანახვაზე ნაზი გრძნობები მომაწვებოდა, ვინძლო თვალის უპეებიც დამნავოდა, მაგრამ სიბნელით და ხრწნით ამოვსებულ გონებაში სენტიმენტებს ადგილი არ დარჩენოდათ.

ვალკირია ცბიერი ღიმილით დაბალ მაგიდაზე გაშლილ სუფრასთან მივიწვიე და დახვეწილი მოძრაობით ოლიმპოს მარნებში დაყენებული ღვინო გავუწოდე.

-საბჭომ გადაწყვიტა, რომ თქვენს შემოთავაზებას დასთანხმდეს – ვთქვი მე.
-საბჭომ? – გადაიკისკისა ვალკირიამ – რა სასაცილოები ხართ.
-უბრალოდ ბრძენნი ვართ – შევეპასუხე დელიკატური ღიმილით – სწორედ ეს სიბრძე გვეუბნება, რომ თქვენ ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ხართ ვალკირიათა მთელ მოდგმას შორის.
-საქმეც ის არის, რომ მე ვალკირია არ ვარ.

თახვის შებრაწული ბარკალი ყელზე დამადგა. სასწრაფოდ ღვინო მოვსვი და სტუმარს მივაშტერდი.

-და ვინ ხარ?

პასუხის გაგონებაც არ მინდოდა. თუ მოკვდავი იყო და ჩემ სამფლობელოში შემოაღწია ეს იქნებოდა უდიდესი სირცხვილი ოლიმპოს ისტორიაში. დიდებული და მრისხანე ჰადესის ავტორიტეტი გაცამტვერდებოდა. ვინძლო  დიონისეს დარი ლოთბაზრების დასაცინი გავხმდარიყავი.

-არ მეტყვი ვინ ხარ? – ფიალა მაგიდაზე დავდე.
-შენი შვილი!

ამ დროს სასახლის ეზოში საზარელი კივილი ატყდა. არკოლის რაზმი საქმეს შედგომოდა.

უცბად ნორჩი ვალკირია უმწეოდ დაიკლაკნა და ხრიალი ამოუშვა. ნატიფ, თლილ თითებს ყელზე იჭერდა. თვალები ჩაუწითლდა, ტუჩის კუთხიდან ღვინის ფერმა დორბლმა გამოჟონა. როგორც ჩანს ოლიმპოელი ალქიმიკოსების მომზადებული შხამი სწრაფად მოქმედებდა.

-ეი მანდ – ვიღრიალე განწირულმა. ნორჩი ვალკირიას თავი  მეჭირა. მის  უსიცოცხლო თვალებში საკუთარ შეშლილ სახეს ვხედავდი. წყეულიმც ვიყო, უპეები დამენამა – ჰეი!!!

ბიბლიოთეკაში შავ მოსასხამიანი ნეკრომანსი შემოვიდა.

-მზად არის? – მკითხა გამყინავი სისინით.
-მზად არის.

ვალკირიას გაციებული სხეული ავიტატე და გაოგნებულ ნეკრომანსს გვერდით ჩავუარე.

ასეთებიც ხდება – ჰადესი ტიროდა. როცა ჰადესი ტირის სადღაც სისხლის წვიმა დაიწყება.

Read Full Post »

%d bloggers like this: