Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘god’

გუშინ, ჩვეული რუტინული საქმიანობისგან დაღლილი რომ ვიჯექი კაბინეტში და ახალ ღვთიურ სიმფონიაზე ვმუშაობდი, გაბრიელი შემომიფრინდა უცებ ფანჯრიდან და მყუდროება დამირღვია. სახეზე შეძრწუნებული აღშფოთება ეწერა, ხელში კი რაღაც ფურცლებს აფრიალებდა. გამიკვირდა, გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია მთელს ჩემს ანგელოზებში, ასე რომ მისი ასეთი აღელვება კარგის ნიშანი არ უნდა ყოფილიყო.

პირველი ხუთი წუთის განმავლობაში ის სიტყვას ვერ იღებდა, სამაგიეროდ ნახევარი გრაფინი წყალი დალია. ბოლოს ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს, გააბოლა და აღშფოთებულმა ამოიძახა:
–  არა, ხედავ ამათ, რა დღეში არიან? რეებს აკეთებენ შენი სახელით? – და ფურცლების დასტა მაგიდაზე მოიფრიალა – აი შეხედე, მარტო ბოლო წლის განმავლობაში რამდენი დამიგროვდა, აქ ის ცემეს, იქ ეს თქვეს. სადამდე მივიდნენ იცი? ვიღაც ტვინგაცხელებულმა შენი სახელით კაცი დაჭრა. ყველას პირად საქმეებში ჩავწერე ეს, ასე რომ ტყუილად აქვთ სასუფევლის იმედი.

მე არ გამკვირვებია, ცალი თვალით დავხედე მაგიდაზე დაყრილ ფურცლების დასტას. პირადი საქმეები იყო, ცოდვების სიით და საბოლოო გამწესებით. ფანჯარასთან მივედი და ედემის ლამაზ ხედს გადავხედე. ნიავმა წამომიბერა და თმებზე მომელამუნა. მერე მოვუტრიალდი და უცებ გამეცინა, ისეთი აღშფოთებით მიყურებდა, თითქოს დამნაშავე ვიყავი, მის გაბრაზებას რომ არ ვიზიარებდი.

-სად ხდება ეგ? – ერთ-ერთ საქმეში ჩავიჭყიტე – საქართველოში… ჰმ… ნუ ღელავ ჩემო გაბრიელ და ნუ გიკვირს. ამაზე უარესი ამბებიც მინახავს, ცეცხლზე დაწვები, ჯვარზე გაკვრები და ეს ყველაფერი ჩემი სახელით ხდებოდა. ასე იქნება კიდევ დიდხანს, სანამ კიდევ ერთ წარღვნას არ მოვახდენ. ეს პირადი საქმეები დამიტოვე – შევატყვე რომ რაღაცის თქმა უნდოდა და დავასწარი – და მე მივხედავ.

გაბრიელი გავიდა, თუმცა გასვლის წინ კიდევ ერთხელ შემომხედა, ამჯერად უკვე იმედიანი თვალებით, დაახლოებით ”აბა შენ იციო” ჩაილაპარაკა და მიიჯახუნა კარი. მაგიდის უჯრა გამოვაღე და მოზრდილი შტამპი ამოვიღე. წამით შევყოყმანდი, მაინც მენანებოდა ჩემი შექმნილი არსებების ასე ერთი ხელის მოქნევით გაწირვა, მაგრამ მერე გამახსენდა რამდენიმა წარსული კადრი და უყოყმანოდ მოვიქნიე ხელი.

ნახევარი საათის შემდეგ მე ისევ ჩემს სიმფონიას მივუბრუნდი, მაგიდაზე კი პირადი საქმეების დიდი დასტა იდო, ლამაზად დახარისხებული, რომელთაც გრაფაში ”დანიშნულება” დიდად ერტყა სისხლისფერი შტამპი – ”ჯოჯოხეთში”.

Read Full Post »

გამარჯობა ჩემო შექმნილი და შემდეგ ჩემს მიერვე განადგურებული სამყაროს გადარჩენილო მკვიდრნო, ანუ ა.დ.ა.მ.-ის შემდგომო, თუმცა დაუაპგრეიდებელო მოდელებო. ალბათ თქვენამდე გადმოცემით მოაღწევდა ის ამბები, რაც თქვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა და რის გამოც ხართ ახლა ასე, როგორც ხართ. მაგრამ მოდი, მაინც მოგიყვებით ამ ყველაფერს, მოკლედ.

Reborned natureთავიდან შევქმენი ცა და მიწა, ბლა ბლა ბლა, ეს ყველაფერი თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ვინაიდან და რადგან ბევრ სხვადასხვა სისქის და ავტორის მქონე წიგნში გიწერიათ, მე კი ნელ-ნელა მავიწყდება. თავიდან ამ ყველაფერს გასართობი სახე ჰქონდა, მე და ჩემი უმცროსი შვილი საღამოობით ვერთობოდით ხოლმე ახალი სამყაროთი, როდესაც ოლიმპოს სხდომებიდან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში. ყველაფერი მაშინ გართულდა, როდესაც ჩემი ერთ-ერთი კიბერ-არსება ა.დ.ა.მ.-ი, უფრო სწორად კი მისი საცდელი მოდელი, ჩავუშვი ამ ზემოთხსენებულ გარემოში და რათა მას შეძლებოდა თვითრეპროდუქცია, ამისათვის ასევე საცდელი აპარატი – ე.ვ.ა. შევქმენი და ასე ვთქვათ ”გვერდით მივუსვი”. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ მოხდა რაღაც სისტემური შეცდომა ა.დ.ა.მ.-ის ცენტრალურ პროცესორში (ამ საკითხზე ვმუშაობ უკვე კარგა ხანია და იმედია მალე ახალი შედეგებით გაგახარებთ) და აპარატი კონტროლიდან გამოვიდა. მან მალევე დაივიწყა ის ფაქტი, რომ ჩემი შექმნილი იყო და ათასგვარი დესტრუქციული სისულელის ჩადენას მიჰყო ხელი, რამაც მაიძულა, რომ ყველაფერი გადამეტვირთა.

და ზუსტად მაშინ გაჩნდით თქვენ, ა.დ.ა.მ.-ის განულებული მეხსიერებიდან. თქვენდა საბედნიეროდ თქვენ მე არ გახსოვართ, ანუ ჩემდა საბედნიეროდ პირველადი ფატალური დასასრული გამორიცხულია, თქვენ ვეღარასოდეს შეძლებთ ჩემთან გათანაბრებას შესაძლებლობებით, ან თუნდაც ამბიციებით (შესაბამისი პროგრამული ცვლილებების შედეგად). სამაგიეროდ თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი და ლამაზი გახდა,  ნაკლები ტვინი განაპირობებს ნაკლებ მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილებაც თქვენ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ. ასე რომ ამ ყველა ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ მომეცა თქვენთვის მეორე შანსი და დამესახლებინეთ ისევ იქ, ჩემი სამყაროს ძველ მოდელში. თუმცა ნუ ნერვიულობთ, მასზე განუწყვეტლივ მიდის მუშაობა და უკანასკნელ განახლებებს თქვენ ყოველთვის პირველები შეიტყობთ. მანამდე კი იცხოვრეთ ბედნიერად და რაც მთავარია – სისულელეების გარეშე. ავე.

Read Full Post »

Jesus Is Alive / God Isn’t Real, originally uploaded by Keats Cybrid.

ამ სურათს რომ უყურებთ, კი ნუ იმასიზამთ ახლა მთლად, აი ნახეთო, რა ამბავშიაო… მთვრალი ვიყავი ცოტა არ იყოს აქ და სადღაც დავბოდიალობდი, ზუსტად არ მახსოვს, მგონი ჯოჯოხეთშიც ვიყავი, ზევსსაც ავუარე…არა, არა, ზევსს თავიდან ავუარე, მერე შუალედი წაშლილია მეხსიერებიდან და ბოლოს დილით გამაღვიძა თავის ტკივილმა.

არა რა, არ შეიძლება ასე.

Read Full Post »

საოცარია პირდაპირ რამდენის მოფიქრება შეუძლია ღვთაებრივ გონებას :თავისქების სმაილიკი: . ა.დ.ა.მ. -ის საცდელი მოდელი უკვე დავამზადე და ვნახოთ, თუ გაამართლებს, სერიულ წარმოებაში ჩავუშვებ ალბათ… ვნახოთ, ვნახოთ. ჯერჯერობით მოდელი სადემონსტრაციოა და ცუდად მუშაობს, მაგრამ ვნახოთ, დავამატებ მერე რაღაც-რაღაცეებს.

ახლა  პარალელურად ახალ პროექტზე დავიწყე მუშაობა – ე.ვ.ა. (ერთეულოვანი ვაგინის აპარატი). ჯერ მხოლოდ მონახაზის და კონცეფციის სტადიაში ვარ, მაგრამ დამოუკიდებელ არსებად გაკეთებას ჯერ არ ვაპირებ, ალბათ უფრო დამხმარე ხელსაწყო იქნება ადამისთვის… ნუ ჩემთვისაც, ადამის ტიპის არსებების სერიულ წარმოებას თუ მივყავი ხელი, ტექნოლოგიურ პროცესს ძალიან გამარტივებს. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, ვნახოთ, დრო გვაჩვენებს (მგონი დრო შევქმენი უკვე).

აგე როგორ გამოიყურება ა.დ.ა.მ. -ი (პირველი მოდელი):

ა.დ.ა.მ.

Read Full Post »

ჰმ, წვერი შევიკრიჭე, პირი დავიბანე, კიდევ რა ვქნა? რაღაც ეს ბოლო დროა შემოქმედებითი კრიზისი მაქვს და არაფრის კეთება არ მინდა, ის კი არადა რაც მქონდა მანამდე გაკეთებული, ავიღე და მოვსპე. არ მინდა, ასე მირჩევნია, სიცარიელე, სიბნელე… მე უფრო მეტი შემიძლია ხომ ვიცი, ვიდრე სამთვალა ბაყაყების და შვიდფეხა გველების სამყაროს შექმნა. დღეს საბოლოოდ უნდა ვცადო და რამე ღირებული შევქმნა, უნდა დავუმტკიცო ჩემს თავს, რომ მე მართლაც რაღაც შემიძლია.

აი ამ ჭიქასაც ჩავცლი და დავიწყებ…

Read Full Post »

%d bloggers like this: