Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘gmerti’

გუშინ, ჩვეული რუტინული საქმიანობისგან დაღლილი რომ ვიჯექი კაბინეტში და ახალ ღვთიურ სიმფონიაზე ვმუშაობდი, გაბრიელი შემომიფრინდა უცებ ფანჯრიდან და მყუდროება დამირღვია. სახეზე შეძრწუნებული აღშფოთება ეწერა, ხელში კი რაღაც ფურცლებს აფრიალებდა. გამიკვირდა, გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია მთელს ჩემს ანგელოზებში, ასე რომ მისი ასეთი აღელვება კარგის ნიშანი არ უნდა ყოფილიყო.

პირველი ხუთი წუთის განმავლობაში ის სიტყვას ვერ იღებდა, სამაგიეროდ ნახევარი გრაფინი წყალი დალია. ბოლოს ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს, გააბოლა და აღშფოთებულმა ამოიძახა:
–  არა, ხედავ ამათ, რა დღეში არიან? რეებს აკეთებენ შენი სახელით? – და ფურცლების დასტა მაგიდაზე მოიფრიალა – აი შეხედე, მარტო ბოლო წლის განმავლობაში რამდენი დამიგროვდა, აქ ის ცემეს, იქ ეს თქვეს. სადამდე მივიდნენ იცი? ვიღაც ტვინგაცხელებულმა შენი სახელით კაცი დაჭრა. ყველას პირად საქმეებში ჩავწერე ეს, ასე რომ ტყუილად აქვთ სასუფევლის იმედი.

მე არ გამკვირვებია, ცალი თვალით დავხედე მაგიდაზე დაყრილ ფურცლების დასტას. პირადი საქმეები იყო, ცოდვების სიით და საბოლოო გამწესებით. ფანჯარასთან მივედი და ედემის ლამაზ ხედს გადავხედე. ნიავმა წამომიბერა და თმებზე მომელამუნა. მერე მოვუტრიალდი და უცებ გამეცინა, ისეთი აღშფოთებით მიყურებდა, თითქოს დამნაშავე ვიყავი, მის გაბრაზებას რომ არ ვიზიარებდი.

-სად ხდება ეგ? – ერთ-ერთ საქმეში ჩავიჭყიტე – საქართველოში… ჰმ… ნუ ღელავ ჩემო გაბრიელ და ნუ გიკვირს. ამაზე უარესი ამბებიც მინახავს, ცეცხლზე დაწვები, ჯვარზე გაკვრები და ეს ყველაფერი ჩემი სახელით ხდებოდა. ასე იქნება კიდევ დიდხანს, სანამ კიდევ ერთ წარღვნას არ მოვახდენ. ეს პირადი საქმეები დამიტოვე – შევატყვე რომ რაღაცის თქმა უნდოდა და დავასწარი – და მე მივხედავ.

გაბრიელი გავიდა, თუმცა გასვლის წინ კიდევ ერთხელ შემომხედა, ამჯერად უკვე იმედიანი თვალებით, დაახლოებით ”აბა შენ იციო” ჩაილაპარაკა და მიიჯახუნა კარი. მაგიდის უჯრა გამოვაღე და მოზრდილი შტამპი ამოვიღე. წამით შევყოყმანდი, მაინც მენანებოდა ჩემი შექმნილი არსებების ასე ერთი ხელის მოქნევით გაწირვა, მაგრამ მერე გამახსენდა რამდენიმა წარსული კადრი და უყოყმანოდ მოვიქნიე ხელი.

ნახევარი საათის შემდეგ მე ისევ ჩემს სიმფონიას მივუბრუნდი, მაგიდაზე კი პირადი საქმეების დიდი დასტა იდო, ლამაზად დახარისხებული, რომელთაც გრაფაში ”დანიშნულება” დიდად ერტყა სისხლისფერი შტამპი – ”ჯოჯოხეთში”.

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: