Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვალკირია’

ამასობაში საღამომ მოაწია. ნიმფებმა საგულდაგულოდ დამბანეს, ნიკაპზე ჩამოზრდილი წვერი შემისწორეს და სანამ მასაჟს დაამთავრებდნენ ჩრდილოეთ  ფლიგელში მსახური ვაფრინე. ნორჩ ვალკირიას ბიბლიოთეკაში ვიწვევდი პრივატულ თათბირზე ვახშამთან ერთად.

ბიბლიოთეკაში შესვლისთანავე თვალში მეცა ვალკირიას დიდი რუდუნებით დახვეული წაბლისფერი დალალები, მკერდზე აფარებული ლითონის მოოქროვილი თხელი ფირფიტა და მოოქროვილივე მუხლამდე გამაშები.

სიკვდილის ღმერთი რომ არ ვიყო ამ სილამაზის დანახვაზე ნაზი გრძნობები მომაწვებოდა, ვინძლო თვალის უპეებიც დამნავოდა, მაგრამ სიბნელით და ხრწნით ამოვსებულ გონებაში სენტიმენტებს ადგილი არ დარჩენოდათ.

ვალკირია ცბიერი ღიმილით დაბალ მაგიდაზე გაშლილ სუფრასთან მივიწვიე და დახვეწილი მოძრაობით ოლიმპოს მარნებში დაყენებული ღვინო გავუწოდე.

-საბჭომ გადაწყვიტა, რომ თქვენს შემოთავაზებას დასთანხმდეს – ვთქვი მე.
-საბჭომ? – გადაიკისკისა ვალკირიამ – რა სასაცილოები ხართ.
-უბრალოდ ბრძენნი ვართ – შევეპასუხე დელიკატური ღიმილით – სწორედ ეს სიბრძე გვეუბნება, რომ თქვენ ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ხართ ვალკირიათა მთელ მოდგმას შორის.
-საქმეც ის არის, რომ მე ვალკირია არ ვარ.

თახვის შებრაწული ბარკალი ყელზე დამადგა. სასწრაფოდ ღვინო მოვსვი და სტუმარს მივაშტერდი.

-და ვინ ხარ?

პასუხის გაგონებაც არ მინდოდა. თუ მოკვდავი იყო და ჩემ სამფლობელოში შემოაღწია ეს იქნებოდა უდიდესი სირცხვილი ოლიმპოს ისტორიაში. დიდებული და მრისხანე ჰადესის ავტორიტეტი გაცამტვერდებოდა. ვინძლო  დიონისეს დარი ლოთბაზრების დასაცინი გავხმდარიყავი.

-არ მეტყვი ვინ ხარ? – ფიალა მაგიდაზე დავდე.
-შენი შვილი!

ამ დროს სასახლის ეზოში საზარელი კივილი ატყდა. არკოლის რაზმი საქმეს შედგომოდა.

უცბად ნორჩი ვალკირია უმწეოდ დაიკლაკნა და ხრიალი ამოუშვა. ნატიფ, თლილ თითებს ყელზე იჭერდა. თვალები ჩაუწითლდა, ტუჩის კუთხიდან ღვინის ფერმა დორბლმა გამოჟონა. როგორც ჩანს ოლიმპოელი ალქიმიკოსების მომზადებული შხამი სწრაფად მოქმედებდა.

-ეი მანდ – ვიღრიალე განწირულმა. ნორჩი ვალკირიას თავი  მეჭირა. მის  უსიცოცხლო თვალებში საკუთარ შეშლილ სახეს ვხედავდი. წყეულიმც ვიყო, უპეები დამენამა – ჰეი!!!

ბიბლიოთეკაში შავ მოსასხამიანი ნეკრომანსი შემოვიდა.

-მზად არის? – მკითხა გამყინავი სისინით.
-მზად არის.

ვალკირიას გაციებული სხეული ავიტატე და გაოგნებულ ნეკრომანსს გვერდით ჩავუარე.

ასეთებიც ხდება – ჰადესი ტიროდა. როცა ჰადესი ტირის სადღაც სისხლის წვიმა დაიწყება.

Advertisements

Read Full Post »

ეხლა როცა ომები ჩავლილია, ზეცასა და მიწას შორის მშვიდობა დამყარდა და საკუთარ ფიქრებთან განმარტოების დრო მომეცა, მინდა ერთადერთი ცოდვის შესახებ მოვყვე.

დიახ, ჩემი გაუჩინარების მიზეზი სისხლიანი იყო. ყოველდღიურად ასობით დასახიჩრებულ მოკვდავს და შედარებით ნაკლებ ანგელოზს ვისტუმრებდი ჩემი სახელობის მინდვრებისკენ. ზოგს წალკოტი ხვდა წილად, ზოგს ხრიოკი უდაბნოები, ყველაფერი მათ დამსახურებაზე იყო დამოკიდებული.

რაც შეეხება ჩემს ცოდვას.

ომის ატეხვიდან პირველივე კვირაში მსახურმა დილაუთენია უსიამოვნო ამბავი მაცნო, ასგარდიდან ელჩები ჩამოვიდნენო.

ასგარდი მოგეხსენებათ ოდინის ტერიტორიაა, ოდინ სკანდინავიელის. ის და მისი ვალკირიები პრეტენზიას აცხადებენ ომში დაცემულთა სულების მართვაზე, მე კი არ მსურს ამდენი ახალი ხორცი მათ გადავულოცო. მოკლედ, შიდაზეციური ინტრიგების ამბავია.

ერთი სიტყვით, ასგარდიდან სამი ვალკირია იყო ჩამოსული. წინასწარ ვიცოდი, ოდინის უსტარს მომახლიდნენ და მთხოვდნენ უკვე დაბიავებული სულები მათთვის გადამეცა. მათთან დიალოგი ძნელია, სავსე ძუძუებს ათამაშებენ და შებუმბულ ფრთებს აფართხუნებენ მუქარის ნიშნად. ერთი პირობა ვიფიქრე კონსტაბელებს მივუქსევ, როგორც მოსულან ისე წავლენ მეთქი, მაგრამ იმ დღესვე არანაკლებ უსიამოვნო შეხვედრა მქონდა იბერიელტა ემისართან, რომელიც 100 000 გაურკვეველი სულის სამოთხეში გაშვებას შუამდგომლობდა.  ”წმინდანად შერაცხვის ცირკულარის” მიხედვით მისი მოთხოვნა სამართლიანი იყო, ერთ წინააღმდეგობას თუ არ ჩავთვლით, დასახელებული რაოდენობის სულის ანკეტა ვერ წარმომიდგინა. მიმტკიცებდა, საკანცელარიო პრობლემააო. ეტყობა ჰადესის მინდვრები იბერია ჰგონია!

მოკლედ. მივიღე ვალკირიები, იბერიელთა ემისართან შეხვედრა კი გადავდე.

ზონზროხა, ბინძურ დედაკაცებს ველოდებოდი, ეგეთებიც აღმოჩნდნენ, ერთს თუ არ ჩავთვლით, შედარებით ნორჩი და შენახული იყო. სავარძლები ისე გავუნაწილე ნორჩი ჩემს პირდაპირ აღმოჩნდა. ტრადიციის თანახმად წინამძღოლის როლიც მას უნდა ეტვირთა.

მოულოდნელად საუბარი მშვიდი და კონსტრუქციული აღმოჩნდა. ნორჩი ვალკირია პრეტენზიას არ აცხადებდა აქამდე მიღებულ – დაბინავებულ სულებზე, თუმცა მოითხოვდა დაუყონებლივ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლისთანავე ბრძოლის ველზე მონოპოლიას კვლავ ოდინის სამეფო იღებდა.

ტვინში მოწოლილ თბილ სისხლს ვეღარ ვუძალიანდებოდი. ვალკირიას ნორჩი, შეურყვნელი ძუძუები მხედველობას მიბინდავდა, აზრებს მირევდა, ხელის კანკალით მოვსვი ღვინო ფიალიდან და მოსაფიქრებლად ერთ დღიანი ვადა მოვითხოვე.

ნორჩი ვალკირია შეიშმუშნა. მათთან ჩრდილოეთში ფიქრი მიღებული არ არის. მათი გადაწყვეტილება წამიერი გაფიქრების შედეგია. ჩვენ, ოლიმპოელებს კი ბევრი ფიქრი და საკითის ყველა მხრიდან აწონვა გვიყვარს. ჩანს ნორჩმა ვალკირიამ მშვენივრად იცოდა ჩვენი ჩვეულების შესახებ და ბოლოს დამთანხმდა.  ამირბარი ვიხმე და სტუმრები სასახლის ჩრდილოეთ ფლიგელში, საუკეთესო აპარტამენტებში დასაბინავებლად გავისტუმრე.

როგორც კი ვალკირიებმა დამტოვეს მსახურს სამთა სამსჯავროს უბრძნესი წევრი, მწითური არკოლი მოვაყვანინე. მსაჯულთან თათბირმა საკმაო ხანს გასტანა. მოწოდებით მორალისტი არკოლი  ჯიუტობდა, მაგრამ კომბინაციის შედეგი რომ გაანალიზა ფარ-ხმალი დაყარა.

-კეთილი, მაშინ სტიქსის სანაპიროდან სიკვდილის ანგელოზების რაზმს ვიხმობ – თქვა არკოლმა

(გაგრძელება იქნება)

Read Full Post »

%d bloggers like this: