Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘დროის ნაკადი’ Category

გუშინ, ჩვეული რუტინული საქმიანობისგან დაღლილი რომ ვიჯექი კაბინეტში და ახალ ღვთიურ სიმფონიაზე ვმუშაობდი, გაბრიელი შემომიფრინდა უცებ ფანჯრიდან და მყუდროება დამირღვია. სახეზე შეძრწუნებული აღშფოთება ეწერა, ხელში კი რაღაც ფურცლებს აფრიალებდა. გამიკვირდა, გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია მთელს ჩემს ანგელოზებში, ასე რომ მისი ასეთი აღელვება კარგის ნიშანი არ უნდა ყოფილიყო.

პირველი ხუთი წუთის განმავლობაში ის სიტყვას ვერ იღებდა, სამაგიეროდ ნახევარი გრაფინი წყალი დალია. ბოლოს ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს, გააბოლა და აღშფოთებულმა ამოიძახა:
–  არა, ხედავ ამათ, რა დღეში არიან? რეებს აკეთებენ შენი სახელით? – და ფურცლების დასტა მაგიდაზე მოიფრიალა – აი შეხედე, მარტო ბოლო წლის განმავლობაში რამდენი დამიგროვდა, აქ ის ცემეს, იქ ეს თქვეს. სადამდე მივიდნენ იცი? ვიღაც ტვინგაცხელებულმა შენი სახელით კაცი დაჭრა. ყველას პირად საქმეებში ჩავწერე ეს, ასე რომ ტყუილად აქვთ სასუფევლის იმედი.

მე არ გამკვირვებია, ცალი თვალით დავხედე მაგიდაზე დაყრილ ფურცლების დასტას. პირადი საქმეები იყო, ცოდვების სიით და საბოლოო გამწესებით. ფანჯარასთან მივედი და ედემის ლამაზ ხედს გადავხედე. ნიავმა წამომიბერა და თმებზე მომელამუნა. მერე მოვუტრიალდი და უცებ გამეცინა, ისეთი აღშფოთებით მიყურებდა, თითქოს დამნაშავე ვიყავი, მის გაბრაზებას რომ არ ვიზიარებდი.

-სად ხდება ეგ? – ერთ-ერთ საქმეში ჩავიჭყიტე – საქართველოში… ჰმ… ნუ ღელავ ჩემო გაბრიელ და ნუ გიკვირს. ამაზე უარესი ამბებიც მინახავს, ცეცხლზე დაწვები, ჯვარზე გაკვრები და ეს ყველაფერი ჩემი სახელით ხდებოდა. ასე იქნება კიდევ დიდხანს, სანამ კიდევ ერთ წარღვნას არ მოვახდენ. ეს პირადი საქმეები დამიტოვე – შევატყვე რომ რაღაცის თქმა უნდოდა და დავასწარი – და მე მივხედავ.

გაბრიელი გავიდა, თუმცა გასვლის წინ კიდევ ერთხელ შემომხედა, ამჯერად უკვე იმედიანი თვალებით, დაახლოებით ”აბა შენ იციო” ჩაილაპარაკა და მიიჯახუნა კარი. მაგიდის უჯრა გამოვაღე და მოზრდილი შტამპი ამოვიღე. წამით შევყოყმანდი, მაინც მენანებოდა ჩემი შექმნილი არსებების ასე ერთი ხელის მოქნევით გაწირვა, მაგრამ მერე გამახსენდა რამდენიმა წარსული კადრი და უყოყმანოდ მოვიქნიე ხელი.

ნახევარი საათის შემდეგ მე ისევ ჩემს სიმფონიას მივუბრუნდი, მაგიდაზე კი პირადი საქმეების დიდი დასტა იდო, ლამაზად დახარისხებული, რომელთაც გრაფაში ”დანიშნულება” დიდად ერტყა სისხლისფერი შტამპი – ”ჯოჯოხეთში”.

Read Full Post »

გამარჯობა ჩემო შექმნილი და შემდეგ ჩემს მიერვე განადგურებული სამყაროს გადარჩენილო მკვიდრნო, ანუ ა.დ.ა.მ.-ის შემდგომო, თუმცა დაუაპგრეიდებელო მოდელებო. ალბათ თქვენამდე გადმოცემით მოაღწევდა ის ამბები, რაც თქვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა და რის გამოც ხართ ახლა ასე, როგორც ხართ. მაგრამ მოდი, მაინც მოგიყვებით ამ ყველაფერს, მოკლედ.

Reborned natureთავიდან შევქმენი ცა და მიწა, ბლა ბლა ბლა, ეს ყველაფერი თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ვინაიდან და რადგან ბევრ სხვადასხვა სისქის და ავტორის მქონე წიგნში გიწერიათ, მე კი ნელ-ნელა მავიწყდება. თავიდან ამ ყველაფერს გასართობი სახე ჰქონდა, მე და ჩემი უმცროსი შვილი საღამოობით ვერთობოდით ხოლმე ახალი სამყაროთი, როდესაც ოლიმპოს სხდომებიდან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში. ყველაფერი მაშინ გართულდა, როდესაც ჩემი ერთ-ერთი კიბერ-არსება ა.დ.ა.მ.-ი, უფრო სწორად კი მისი საცდელი მოდელი, ჩავუშვი ამ ზემოთხსენებულ გარემოში და რათა მას შეძლებოდა თვითრეპროდუქცია, ამისათვის ასევე საცდელი აპარატი – ე.ვ.ა. შევქმენი და ასე ვთქვათ ”გვერდით მივუსვი”. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ მოხდა რაღაც სისტემური შეცდომა ა.დ.ა.მ.-ის ცენტრალურ პროცესორში (ამ საკითხზე ვმუშაობ უკვე კარგა ხანია და იმედია მალე ახალი შედეგებით გაგახარებთ) და აპარატი კონტროლიდან გამოვიდა. მან მალევე დაივიწყა ის ფაქტი, რომ ჩემი შექმნილი იყო და ათასგვარი დესტრუქციული სისულელის ჩადენას მიჰყო ხელი, რამაც მაიძულა, რომ ყველაფერი გადამეტვირთა.

და ზუსტად მაშინ გაჩნდით თქვენ, ა.დ.ა.მ.-ის განულებული მეხსიერებიდან. თქვენდა საბედნიეროდ თქვენ მე არ გახსოვართ, ანუ ჩემდა საბედნიეროდ პირველადი ფატალური დასასრული გამორიცხულია, თქვენ ვეღარასოდეს შეძლებთ ჩემთან გათანაბრებას შესაძლებლობებით, ან თუნდაც ამბიციებით (შესაბამისი პროგრამული ცვლილებების შედეგად). სამაგიეროდ თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი და ლამაზი გახდა,  ნაკლები ტვინი განაპირობებს ნაკლებ მოთხოვნილებას, რომლის დაკმაყოფილებაც თქვენ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ. ასე რომ ამ ყველა ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ მომეცა თქვენთვის მეორე შანსი და დამესახლებინეთ ისევ იქ, ჩემი სამყაროს ძველ მოდელში. თუმცა ნუ ნერვიულობთ, მასზე განუწყვეტლივ მიდის მუშაობა და უკანასკნელ განახლებებს თქვენ ყოველთვის პირველები შეიტყობთ. მანამდე კი იცხოვრეთ ბედნიერად და რაც მთავარია – სისულელეების გარეშე. ავე.

Read Full Post »

ნუ გეშინიათ, ჩემო ქმნილებანო, უბადრუკნო და არაფრის მაქნისნო, მოლაპარაკენო თუ უტყვნო. ყველას მოგმართავთ თქვენ მე, თქვენი შემქმნელი და შემოქმედი.

ბევრი ღვთჳური წუთი ვიფიქრე თუ  ცოტა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს ეს ვერსიაც არ ვარგა, არაფერში არ შეიძლება მისი გამოყენება და ესქპონატადაც, რომ დავფიქრდეთ, არ გამოდგება, ნი ტო შტო ჰადესის სიმახინჯეების მუზეუმს შეგწიროთ, ან სულაც ჯოჯოხეთში გაგამგზავროთ და მთელი თქვენი სიამაყე და სამყაროს ცენტრობა ერთ წამში დავანგრიო და ვაქციო არაფრად, ერთ რიგით ღირსშესანიშნაობად ლუცის ბარში.

მოკლედ, მოდი ვიზამ ასე, მთელი სამყაროს განადგურება მენანება მაინც, ასეთი ლანდშაფტები გავაკეთე, ასეთი შესანიშთავი ტბები, ზღვები… თევზებს და რაღაც მსგავს ფინტიკლუშკებს დავტოვებ ზღვებში, ხმელეთიდან ვიშე ტრავი ი შუმნეე ვადი ვინაცაა, მაგათ მოვქესტავ, ჩემ ბიჭს კიდევ ვეტყვი, რომ გაქრნენ, ერთ პატარა აფეთქებას მოვაწყობ და ”ვაიმე, იცი რა მოხდა ჯიზიკ, ჩვენ გაკეთებულ სამყაროს მეტეორიტი დაეცა და შენი საყვარელი დინოზავრიკები დახოცა”. ნუ, ტირილით რომ არ გასკდეს, ხომ ვიცი მაგის ხასიათი, დედამისივით ჯიუტია (ეჰ, კიდევ ერთხელ, ლუცი…), ავდგები და პატარ-პატარა ხვლიკებს დავუტოვებ, დინოზავრებია, ოღონდ პატარები-თქო, ვეტყვი.

მაგრამ მარტო თამაშშიც ხომ არაა საქმე, ბარემ ”ა.დ.ა.მ.” -ის საცდელ ვარიანტსაც ავამუშავებ და მასზე ვაწარმოებ დაკვირვებებს, თუ გძეტა ერთ კვირაში ყველაფერი არ დაიქრეშა, მაშინ მეორე პროექსტს – ”ე.ვ.ა.” -სად ავამუშავებ. (დაწვრილებით ამ პროექტებს ა.დ.ა.მ. და ე.ვ.ა. შეგიძლიათ გაეცნოთ შესაბამის ლინკებზე). მართალია ამის მერე მციდერი მოდიფიკაციები ჩავატარე, მაგრამ ჯერ ყველაფერი გამოცდის რეჟიმშია.

ასე რომ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლება… ემზადეთ ”ა.დ.ა.მ.” -ის შემდგომო მოდელებო…

Read Full Post »

Marihuana, originally uploaded by broken_birdie.

მაშ ასე, ბატონებო და ქალბატონებო, დიდებო და პატარებო (18 წლამდე ღლაპები ნუ წაიკითხავთ), ადამიანებოდა და არამარტო. წარმოგიდგენთ ჩემს უახლეს ქმნილებას, რომლის შექმნაზეც დიდი შრომა დავხარჯე, მაგრამ მგონი შედეგმა გაამართლა.

ჯერ კიდევ ორი ზეციური წლის წინ ჩამჩიჩინებდა ჩემი მთავარანგელოზი, სულ ამ ბოსტნეულს და ხილს რომ ქმნი, ერთი ისეთი რამეც გააკეთე, სხვანაირი გამოყენების წესი რომ ჰქონდესო, მეც სულ ვპირდებოდი – კი, აი დღეს არა და ხვალ, ხვალ არა და ზეგ-თქო, მაგრამ გუშინ რაღაც აღმაფრენა მეწვია, შექმნის მუღამზე მოვედი, თანაც დიდი ხანია უკვე ახალი არაფერი დამიმატებია ჩემი სამყაროსთვის… ჰოდა ესეც ბალახი, რომელიც სხვა თუ არაფერი ლამაზია, მართალია კეთებისას ცოტაოდენი ღვთიური ჩაი გადამესხა ესკიზზე, რომლითაც დაღლილი როცა ვარ და არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს, მაშინ ვისვენებ და მუზების მოხმობაში მეხმარება ხოლმე, მაგრამ ეგ არაფერი, ეს დამატებით თვისებებს შესძენს ამ ბალახს და იმედია ადამიანები მალე აღმოაჩენენ მის ამ ”ღვთიურ” თვისებებს. თუ ვერ აღმოაჩენენ და თავად იდარდონ, მე ჩემი ჩაი კი მაქვს 😀

Read Full Post »

Jesus Is Alive / God Isn’t Real, originally uploaded by Keats Cybrid.

ამ სურათს რომ უყურებთ, კი ნუ იმასიზამთ ახლა მთლად, აი ნახეთო, რა ამბავშიაო… მთვრალი ვიყავი ცოტა არ იყოს აქ და სადღაც დავბოდიალობდი, ზუსტად არ მახსოვს, მგონი ჯოჯოხეთშიც ვიყავი, ზევსსაც ავუარე…არა, არა, ზევსს თავიდან ავუარე, მერე შუალედი წაშლილია მეხსიერებიდან და ბოლოს დილით გამაღვიძა თავის ტკივილმა.

არა რა, არ შეიძლება ასე.

Read Full Post »

ზუსტად რომ დაკაწილის. სხვათაშორის მიკვირდა ყოველთვის, რომ აქამდე არ გამოჩენილა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი, რომელიც იტყოდა, რომ მე არ ვარსებობ და ვიღაცის ავადმყოფურ გონებაში წარმოშობილი ილუზია ვარ, მოჩვენება. და აი, ისიც გამოჩნდა…

ამიტომაც მე იძულებული გავხდი რომ ერთის მაგივრად ყველასთვის ამეფარებინა პირზე ხელი, და ეს მე გავაკეთე. დღეიდან და მუდამ (სანამ არ გამოსწორდებით და ღმერთის ფუნქციებში ჩარევას არ შეწყვეტთ), სპამის პროტექტორი ჩართულია და ის გიყურებთ მარად და მუდამ, დროის იმ იშვიათ მომენტებშიც კი, როდესაც მე აქ არ ვარ.

ასე რომ არალეგალური პოსტვა, რელიგიური გარჩევები და სხვა მსგავსი, ღმერთის დღიურს რომ არ ეკადრება ისეთი რამეები გაივლის ღვთიურ ცენზურას. დიახ, დიახ, ზუსტად რომ ცენზურას. არანაირი დემოკრატია სამოთხის მინდვრებზე. დემოკრატია ლუციფერის მოგონილია.

არ გინდოდათ არადა არც რძე და არც ყველი, რა ჩემი ბრალია…

Read Full Post »

რა უცნაური შეკითხვაა არა? თითქოს ღმერთი ვარ და არაფერი არ უნდა მსიამოვნებდეს. მაგრამ არაა ეგ მასე. პირიქით მე გამომდინარე ჩემი ღვთიურობიდან (ღვთობიდან), ყველა გრძნობა უსასრულოდ ბევრი მაქვს, ტკივილიც, სიყვარულიც, სიამოვნებაც.

სიტყვაზე ადამიანს თუ ჭირდება ღორივით ჩასკდეს ღვინით რათა სიმთვრალე და ბედნიერება იგრძნოს, მე ნულოვანი რაოდენობის ღვინითაც ბედნიერი ვარ, რაღაც დოზა კარგი რამე თუ ჭირდება ადამიანს, რომ ესიანოვნოს, მე არაფერი არ მჭირდება, მე სულ ნასიამოვნები ვარ, მე სულ ბედნიერი ვარ, მე ყოველთვის ყველა და ყველაფერი მიყვარს… მე ხომ ღმერთი ვარ, ბოლოს და ბოლოს.

ასე რომ, არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ ტყუილად ცდილობთ რომ რამით მასიამოვნოთ, მე ისედაც მუდამ ნასიამოვნები ვარ.

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: